შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით.
ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო – სატრანზიტო გზის ერთი მონაკვეთი შიდა ქართლზე გადიოდა.
შიდა ქართლი, ძველთაგანვე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვან კუთხეს. ის ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ინტენსიურად იყო დასახლებული. (ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასაწყისი). მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეღვინეობა, სპილენძის მეტალურგია, კერამიკისა და საფეიქრო წარმოება იყო.
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.). შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.).
XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ არის კონტროლირებადი.
შიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი. www.shidakartli.gov.ge
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: გორის მუნიციპალიტეტი; www.gori-municipality.ge კასპის მუნიციპალიტეტი; ქარელის მუნიციპალიტეტი; ხაშურის მუნიციპალიტეტი;
ადმინისტრაციული ცენტრია – გორი
მოსახლეობის რაოდენობა - 314,039 ათასი კაცი. (2002 წლის მონაცემებით)
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75კმ.
კლიმატი –კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11ჩ0.
ტერიტორიის ფართობი _ 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ).
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
გორის ციხე (VII-XVII სს.)
ქვაში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე, ისტორიულ_არქიტექტურული მუზეუმ_ნაკრძალი (Xსაუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე)
ატენის სიონი (VII ს. I ნახევარი)
სამთავისი (X-XI სს.)
რკონის კომპლექსი (VII-XVIII სს.)
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი (VII-IX სს)
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (VII_XIII სს)
წრომის ტაძარი (626_634 წწ.)
სურამის ციხე (XII_XIII სს.)
შიდა ქართლის ტურისტული კავშირი "მეგზური" (ასოციაციის წევრები და მხარდამჭერი ორგანიზაციები)